„არ ვიცი საიდან დავიწყო“.... ასე იწყება იმ ისტორიების აბსოლუტური უმეტესობა, რომლის მთავარი „გმირები“ ერთ დროს ბედნიერების საძებნელად გაეშურნენ, ან იმათი ვისაც უბრალოდ მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისგან სურდა თავის დაღწევა და რაღაც ეშმაკის მანქანებით ახალ მოძალადესთან აღმოჩნდნენ, ან იმათი-ახლა რომ ერთი შეხედვით ყველასთვის სასურველ „ოჯახურ იდილიაში“ ცხოვრობენ.
ვერ განახებთ, როგორ გამოიყურება მათი თვალები, სიტყვაზე მენდეთ.
თითოეული მათგანის, ხორციელი ფასადის უკან იმალება სული და უფრო სულიერი ამოძახილი, თვალებით რომ ითხოვს შველას, ის ამოძახილი, პირს ლაპარაკის ფუნქციას რომ უკარგავს და თვალებს აკისრებს. ამოძახილი, რომელიც უნდა დაინახო, რადგან ვერ გაიგონებ.
ვერ გაიგონებ იმიტომ, რომ ისინი არ ლაპარაკობენ, ვერ ლაპარაკობენ, ეშინიათ რომ ილაპარაკონ, აიძულებენ რომ არ ილაპარაკონ. ყველაფერთან ერთად სიჩუმესაც აიძულებენ. არ იციან საიდან დაიწყონ ან როგორ დაიწყონ საუბარი იმ პირად ტრაგედიაზე, რომელიც გონიათ, რომ მხოლოდ მათი ტრაგედიაა. ვერ იწყებენ საუბარს, რადგან ქორწინებისას მზითვებად გაჰყვათ საუკუნო დარიგება: „გათხოვდი და ქმარი მოგხედავს. არ გაბედო ხალხი აალაპარაკო შენი პრობლემებით. არ გაბედო დაბრუნება“. ვერ იწყებენ საუბარს, რადგან ეშინიათ, რომ ეს გადაწყვეტილება იმ დღის ახალი ამბების თემა გახდება: „27 აპრილს, ნუცუბიძის 67 ნომერიში ქმარმა მეუღლე დანით დაჩეხა“
ეშინიათ, რომ დაჩეხილ სულებს მათი დაჩეხილი სხეულებიც შეუერთდება, ამ სხეულებს კი მათი დაობლებული შვილების დამახინჯებული ცხოვრება.
მაგრამ რა იქნება თუ გეტყვით, რომ ამ ქალებმა, ამ მარტო დარჩენილმა ქალებმა, რომლებსაც ეშინიათ საზოგადოებრივი აზრიდან დაწყებული საკუთარი მშობლებით დამთავრებული ყველაფრის, დაიწყეს ლაპარაკი, ხმამაღლა არა, მაგრამ ჩურჩულით, ცხადად არა, მაგრამ ანონიმურად, გაუბედავად, მაგრამ მაინც დაიწყეს.
„გათხოვება ხსნა მეგონა, მაგრამ გათხოვებიდან ძალიან მალე, აბსურდული მიზეზის გამო (რატომ ვალოდინე ქმარი სახლიდან გასვლისას), ისე მცემა, რომ ჩემს ორსულ სხეულს სარკეში ვერ ვცნობდი. ასე იწყება ჩემი ძალადობის ისტორია და აქ გავიაზრე რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი.“
ყველა მათგანის ისტორია განსხვავდება, ზოგიერთს მშობლების ოჯახიდანვე მოყვება ძალადობის გამოცდილება, ზოგიერთი კი- ადრე რომ დედა ნაფერებ გოგონად ზრდიდა, ახლა აღმოჩნდა გაუგონარ ძალადობაში.
ზოგს წასასვლელი აქვს და წასვლას ვერ ბედავს, ზოგსაც- წასასვლელი არ აქვს და ამიტომ ვერ მიდის.
განსხვავდება თითოეული მათგანის გამბედაობა, თითოეული მათგანის რწმენა იმისა, რომ გადარჩებიან, ეშინიათ ხალხისგან აკრული „კლიშეებით“ ცხოვრება, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ, ისინი სრულიად გაუაზრებლად ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. არც ერთ მათგანს არ უფირიქრია ბედნიერების ძიება თუ იმ ფრთებს დაატეხდა, რომლის გაშლასაც რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პატარები და მიამიტები ცამდე აპირებდნენ.
დღეს არც ერთი მათგანი, ასაკის მიუხედავად, აღარც პატარაა და აღარც მიამიტი, ისინი ის ნაომარი ქალები არიან, რომლებიც ხმის ამოუღებლად გიყურებენ თვალებში და გიყვირიან, რომ გადაარჩინო, ქალები, რომლებიც საკუთარი თავის გადარჩენას იწყებენ, ქალები რომლებსაც შეგვიძლია დავანახოთ სოლიდარობა, რათა არ დაფიქრდნენ ღირს თუ არა იმ „ღვთისგან დალოცვილი ოჯახიდან“ წამოსვლა, საიდანაც გზა მხოლოდ საზოგადოების ყბაში ჩავარდნისკენ მიდის.
ისინი შეიძლება იყვნენ ჩვენი მეგობრები, დები, ახლობლები , შეიძლება ეს ქალები ჩვენ ვიყოთ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიყოთ ის ქალები, რომლებსაც სხეულის თითოეული დალურჯებული ადგილი ძალას მატებს, რომ იბრძოლოს შვილებისთვის, საკუთარი თავისთვის, რაც მთავარია სიცოცხლისთვის.
აღმოსავლურ კულტურაში არსებობს ასეთი ტერმინი „ჯაბრე ჯეღრაფია“, რაც ითარგმნება, როგორც გეოგრაფიული ბედისწერა, ეს ტერმინი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ძალადობისა და აკრძალვების მსხვერპლი იმის მიხედვით ხდებიან თუ რომელ ქვეყანაში დაიბადნენ, მაგრამ ოჯახში ძალადობას არ აქვს არც გეოგრაფიული საზღვრები და არც კულტურულ-რელგიური განსხვავებები, იგი თითოეული ადამიანის ბედისწერა შეიძლება გახდეს და ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, მეტიც, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ვილაპარაკოთ სანამ ჩვენი ჩურჩული ისეთ ყვირილად არ გადაიქცევა, რომელიც დაამსხვრევს იმ კედლებს, რომელზეც ერთ დროს ყელშიხელწაჭერილი მიგვანარცხეს და გვითხრეს, რომ აქედან ვერასოდეს გავიქცეოდით.
***
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“. პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.