საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა, – ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.
„ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.
სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა!
შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა“,! – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.