კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი – 111 ამოქმედდა.
ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.
111-ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
111 ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.
ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მომავალ თაობაზე“, – ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან”, – ამის შესახებ ასევე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაერო-ს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.