საინტერესო
ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დააანონსა
2020-05-27 14:23:49

შოტლანდიელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, რომელიც ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორია, ახალი საბავშვო წიგნის შესახებ საკუთარი ვებგვერდიდან გვაუწყა.

წიგნი, სახელად The Ickabog, დაბეჭდილი სახით 2020 წლის ნოემბერში გამოიცემა, მანამდე კი მისი ცალკეული თავები 26 მაისიდან 10 ივლისამდე კვირის ყოველ სამუშაო დღეს უფასოდ განთავსდება წიგნისთვის შექმნილ ვებგვერდზე. წიგნის პირველი ორი თავის წაკითხვა კი უკვე შესაძლებელია.

 

როულინგის თქმით, ნაწარმოების იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა ჰარი პოტერს წერდა. მისი პირველი ვერსიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ბესტსელერად ქცეულ ისტორიაზე მუშაობის პერიოდში დაიწერა და ავტორი დაბეჭდვას სერიის ბოლო წიგნის გამოცემის შემდეგ აპირებდა.

The Ickabog როულინგის შვილებისთვის ძილის წინ საკითხავ ისტორიად იწერებოდა.

"რამდენიმე კვირის წინ, ვახშმის დროს, სასხვათაშორისოდ ვახსენე იდეა, რომ მანსარდაში ბინადადებული The Ickabog საბოლოოდ გამომეცა, თუმცაღა — უფასოდ, რათა მისი წაკითხვა კარანტინში მყოფ ბავშვებს შეძლებოდათ. ჩემი უკვე თინეიჯერი შვილები მაშინვე აღფრთოვანდნენ ამ იდეით და სხვენიდან ძალიან მტვრიანი ყუთი ჩამოიტანეს. ამდენად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ გამოგონილ სამყაროში აღმოვჩნდი, სადაც არ მეგონა, რომ ოდესმე ისევ დავბრუნდებოდი", — წერს როულინგი საკუთარ ვებგვერდზე.

წიგნი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძილისპირულის ფორმითაა დაწერილი და უმეტესად 7-დან 9 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მასში მოთხრობილი ისტორია სიმართლისა და ძალის ბოროტად გამოყენების თემებს შეეხება. თუმცაღა, როგორც ავტორი აღნიშნავს, რადგან იგი თითქმის ათწლეულის წინ დაიწერა, საერთო არაფერი აქვს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან.

ამ ყველაფერთან ერთად როულინგი აპირებს, ნაწარმოებისთვის ილუსტრაციების კონკურსი გამოაცხადოს, რომლის გამარჯვებული ნამუშევრებიც სხვადასხვა ენაზე გამოცემულ წიგნებში აღმოჩნდებიან. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი წიგნისთვის შექმნილ საიტზე.

აღსანიშნავია, რომ The Ickabog-ის გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიამ დააზარალა.

ჯოან როულინგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია, რომლის შვიდწიგნეული ჰარი პოტერის სერია მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ჯადოსნურ ისტორიაზე გადაღებული ფილმების შემოსავალმა კი ჯამში 7,7 მილიარდზე მეტი შეადგინა.

2007 წელს, ჰარი პოტერის ბოლო წიგნის გამოცემის შემდეგ, მწერალმა პროფესიული საქმიანობისგან მცირეხნიანი პაუზა აიღო, საბოლოოდ კი 2012 წელს ახალი რომანი დაწერა მოზრდილებისთვის — შემთხვევითი ვაკანსია. ამ დროს როულინგი ფიქრობდა, რომ აღარასდროს დაუბრუნდებოდა აღარც ჰარი პოტერს და აღარც საბავშვო წიგნებს თუმცა, საბედნიეროდ, ერთი მოსაზრებაც მცდარი აღმოჩნდა და მეორეც: 2016 წელს ჯერ პიესა, ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი, გამოიცა, ხოლო შემდეგ გადაიღეს ფილმები, ჯადოსნური არსებები: სად ვიპოვოთ ისინი (2016) და ჯადოსნური არსებები: გრინდელვალდის დანაშაულებანი (2018), რომლებშიც მოქმედება ჰარი პოტერის სამყაროში მიმდინარეობს.

ჯოან როულინგი ასევე ავტორია თრილერის ჟანრის წიგნების სერიისა კერძო დეტექტივ ქორმორან სთრაიქის შესახებ. ეს ნაწარმოებები რობერტ გელბრეითის ფსევდონიმითაა გამოქვეყნებული. სერიის პირველი წიგნი, გუგულის ძახილი, 2013 წელს გამოიცა და რამდენიმე თვის განმავლობაში არავინ იცოდა, რეალურად ვინ იყო მისი ავტორი. როულინგის (გელბრეითის) ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი კი — სასიკვდილო თეთრი — რომელიც სთრაიქის სერიის მეოთხე წიგნია, 2018 წელს გამოიცა.

ბოლო ამბები
შიში

ამბავი, რომლის მოყოლაც მინდა - შიშზეა, ჩემს შიშზე. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ამ ამბავს გიზიარებთ, სხვისი შიშის, მსხვერპლის შიშის დანახვის, განცდის და გააზრების სურვილი და მცდელობაა

სრულად 
სასამართლომ ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან იზოლაციაში გადასვლაზე დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან თვითიზოლაციაში შვილის გადაყვანაზე დააკმაყოფილა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ზუგდიდში ქუჩებს მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების - მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელები დაარქვა

სრულად 
საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

2X Challenge ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად

სრულად 
სახალხო დამცველი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს

ზემოაღნიშნულ სიუჟეტში ნაწილობრივ შესაძლებელი იყო არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება, რაც ყოვლად დაუშვებელია და უაღრესად მწვავედ შეიძლება აისახოს მსხვერპლ ბავშვთა, მოზარდთა მდგომარეობაზე

სრულად