არგენტინაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულ საკარანტინო პერიოდში, რომელიც უკვე ორი თვეა გრძელდება ქვეყანაში, 10 წლის განმავლობაში ქალთა და გოგონათა მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ პერიოდის მანძილზე 45 ქალი და 4 გოგონა იყო მოკლული, ხოლო 61 ბავშვი უდედოდ დარჩა.
ადგილობრივი ორგანიზაცია La Casa del Encuentro- ის განცხადებით მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პარტნიორის მიერ მოკლულია 3 ქალი.
გაერო-ს მონაცემებით, ლათინურ ამერიკაში გენდერის ნიშნით ყოველდღიურად 12 ქალს კლავენ, ხოლო რეგიონის 25-დან 14 ქვეყანაში ფემიციდის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალია.
ოფიციალური მონაცემებით არგენტინაში ყოველ 30 საათში ერთ ქალს კლავენ. გასულ წელს ქვეყანაში 275 ქალი მოკლეს, ხოლო 317 ბავშვი უდედოდ დარჩა.
ახლახანს 130-ზე მეტმა უფლებადამცველმა ჯგუფმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც ლათინური ამერიკის ქვეყნების მთავრობებს, ქალების და გოგონების დასაცავად ზომების გაფართოვებისკენ და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
როგორც წერილში ნათქვამია: „ქალთა მიმართ ძალადობა გახდა "უხილავი რეალობა" და ის სასწრაფო ჩარევას მოითხოვს“.