გენდერული სიახლეები
სახალხო დამცველი: გამოვლინდა შემთხვევა, როცა პაციენტის ორსულობის დადგენა საერთოდ ვერ მოხერხდა
2020-05-12 12:26:02

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშს „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“.

ანგარიში დაიწერა მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა.

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.

„ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას.

ამასთან, სამედიცინო პერსონალი მუშაობისას ნაკლებად ხელმძღვანელობს ეროვნულ გაიდლაინებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოცემული მინიმალური რეკომენდაციებით.

შემოწმებულ დაწესებულებებში არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში.

საჭირო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული, ისე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებისთვის.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებისას ქალი დროულად არ მოწმდება შესაძლო ორსულობაზე.

დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მოთავსებულ ქალთათვის კი გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.

ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა).

განსაკუთრებით პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა.

სამედიცინო პერსონალის, კერძოდ, ექიმი-ფსიქიატრებისა და გინეკოლოგების ცოდნა/ინფორმირებულობა

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენისა და მათი კორექციის გზების შესახებ, არადამაკმაყოფილებელია.

ასევე, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

მათ არ აქვთ ინფორმაცია დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის, წამლების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული კონსულტანტი გინეკოლოგების კონსულტაცია მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და გასაუბრებით და ზედაპირული გასინჯვით შემოიფარგლება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა.

ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.

„აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა

თუმცა ორსულობის ფაქტი ვერც ერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი.

ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“ ,- აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.
 

ბოლო ამბები
ქალი და კაცი

იჯდა ქალი თავშესაფრის რამდენიმე კვადრატულში ორ ოქროსფერდალალიან გოგონასთან, მუცელზე ხელებშემოჭდობილი და თვალწინ ედგა მეზობლების წვიმიანი ქორწილი

სრულად 
შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!

დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“-ს სტუმარი ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია გახდა.
მან ისაუბრა კინფერენციის: “ შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ შესახებ

სრულად 
 ღონისძიებები
 ონლაინ საერთაშორისო ფემინისტური სკოლა
სრულად 
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
FAO ქალებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე საგრანტო კონკურსს აცხადებს

სრულად 
საქართველომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიში წარადგინა

ანგარიში მიზნად ისახავს CEDAW კომიტეტში საქართველოს პერიოდული ანგარიშის მიმოხილვისას მთავრობის მიერ ინფორმაციის წარდგენას ქვეყანაში ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული გარემოს შესახებ

სრულად 
ევროპაში ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა 2104 წლამდე ვერ აღმოიფხვრება 

10 ნოემბერს ევროპა თანაბარი ანაზღაურების დღეს აღნიშნავს

სრულად