სამხრეთ აფრიკელმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა, გლობალური პანდემიის პირობებში, CARE– სა და Los Angeles Entertainment Industry Foundation– თან ერთად, წამოიწყო ახალი კამპანია Together For Her, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
კამპაnნიაში 50-ზე მეტი სხვადასხვა ცნობილი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის: რიზ უიზერპუნი, მიშელ უილიამსი, სალმა ჰაიეკი, ლორა ლინი, შერილ სანდბერგი, იმანი, სტელა მაკარტნი და სხ.
მსახიობმა 1 $ მილიონი გაიღო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის შედეგებს ებრძვიან, ხოლო ნახევარი მილიონი მიმართული იქნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრების მხარდასაჭერად.
”ამ უპრეცედენტო გლობალური კრიზისის დროს, ჩვენი უსაფრთხოებისთვის სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ჩვენივე საცხოვრებლები არ არის უსაფრთხო სივრცე? მსოფლიოში მილიონობით ქალებისა და ბავშვისთვის, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას განიცდიან, სახლი შესაძლოა საშიშ ადგილად იქცეს”, - დაწერა მსახიობმა საკუთარ Instagram- ის გვერდზე.
ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ ტერონი პირველად თავისი ოჯახური ტრაგედიის შესახებ 2019 წელს ალაპარაკდა. შემთხვევა 28 წლის წინ მოხდა, როცა მსახიობი მხოლოდ 15 წლის იყო და მისმა ალკოჰოლზე დამოკიდებულმა მამამ მას და დედამისს 3 ჯერ ესროლა.
"არცერთი ტყვია არ მოგვხვდა, ეს სასწაული იყო. მაგრამ თავდაცვის მიზნით, მან [დედამ] საფრთხე შეაჩერა... ", - თქვა მსახიობმა.
მსახიობის თქმით, ძალადობა, რომელიც ოჯახში განიცადა, ის არის, რასაც ყველას უზიარებს. "არ მრცხვენია ამაზე საუბრის. რადგან რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, მით უფრო მეტად ვიაზრებთ, რომ მარტო არ ვართ", - ამბობს მსახიობი.