დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, დეველოპერულმა კომპანია “რედკომ” სოფელ ქვემო ხორხში მცხოვრებ უსახლკარო ქალს - 78 წლის საბედა წიკლაურს, დროებითი საცხოვრებელი სახლი გადასცა.
როგორც „ინტეპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საბედა ბებოს მიერ შერჩეულ ადგილას “რედკოს” წარმომადგენლებმა დაუდგეს სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით. მას აგრეთვე სუპერმარკეტი “სმარტისგან” გადაეცა ძირითადი მოხმარების სასურსათო კალათა და ტკბილეული.
“რედკოს” ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ხოლო მანამდე ბენეფიციარი მოინახულეს და საკვები პროდუქტი ბინაზე გადასცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა - ზაზა უნდილაშვილმა და დემეტრე ჩხუტიაშვილმა.
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ამ სოციალურ ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს და განსაკუთრებით, დეველოპერულ კომპანია “რედკოს” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და გამოჩენილი ყურადღებისათვის. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში, კომპანია “რედკო” მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს ორი კვირის წინ საკვები პროდუქტებითაც დაეხმარა,“- აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს, „მთის ამბებმა“ მთაში მცხოვრები მარტოკაცების მხარდამჭერი ფონდი შექმნა. ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს. 2020 წლის 5 აპრილს, ხორხის ხეობაში, გუდამაყარსა და ხადის ხეობაში მცხოვრებ მარტოკაცებსა და მარტოქალებს, ფონდის მხარდაჭერით, 200 ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს.
საბედა ბებოს შესახებ „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 7 აპრილს მოამზადა და კამპანია #საბედაბებოსთვის დაიწყო.
საბედა ბებო აღნიშნულ კონტეინერში ცოტა ხანს იცხოვრებს, მალე კი მისთვის, „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულობით ახალ სახლს ააშენებენ. სამშენებლო სამუშაოები შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიწყება.