რუსეთის ომბუდსმენის ტატიანა მოსკალკოვას განცხადებით, 10 აპრილიდან ქვეყანაში დაფიქსირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობის 2,5-ი ზრდა. ასეთი მონაცემები, ომბუდსმენის თქმით, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიაწოდა.
”მარტში ოჯახში ძალადობის თაობაზე შესული შეტყობინებების რაოდენობამ 6054 შეადგინა, ხოლო აპრილში 13 ათასზე მეტი დაფიქსირდა”- განაცხადა მოსკალკოვამ.
ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცხელ ხაზზე ზარების რაოდენობა არ გაზრდილა, რაც მისი ვარაუდით არის გამოწვეული მსხვერპლის შიშით.
გარდა ამისა, ქალები აცხადებენ, რომ თვითიზოლაციის რეჟიმთან დაკავშირებით, ვერ მიდიან სამრთალდამცველ ორგანოებში განაცხადის წარდგენის მიზნით, მისვლის შემთხვევაში კი მათ განცხადებებს ჩვეულებრივ არ ღებულობენ. მსხვერპლი ასევე ვერ სარგებლობს თავშესაფრებით, რადგან სპეციალური ნებართვის გარეშე შესაძლოა ეს იზოლაციის დარღვევად ჩაითვალოს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს რუსეთის დუმამ 380 ხმით 3-ის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, თუ ის სხეულის მნიშვნელოვან დაზიანებას არ გამოიწვევს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოხდება.
დუმის გადაწყვეტილება მოძალადე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ამ შემთხვევაში ის $500-ის ეკვივალენტის ჯარიმას გადაიხდის ან 15 დღეს გაატარებს საპატიმროში და შემდეგ გათავისუფლდება, იმ პირობით, რომ მომავალი 12 თვის განმავლობაში იგივეს აღარ გაიმეორებს.
ექსპერტთა დასკვნებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 60% – 70% არ აცხადებს ძალადობის შესახებ და საქმეების მხოლოდ დაახლოებით 3% ხდება სასამართლო განხილვის საგანი.
2019 წლის არასამთავროების ანგარიშის თანახმად, რუსეთში 1200 ქალი დაიღუპა ქმრების და პარტნიორების ხელით.