ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტ სპარის გადაწყვეტილება, მთელი ღამით სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, ღირსეული შრომის უფლებას საფრთხეს უქმნის. EMC სპარის დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს:
ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სპარის მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადასამოწმებლად და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღსაწერად;
აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია სპარში თითოეული დასაქმებულის უფლება.
ორგანიზაცია წერს, რომ მათი ინფორმაციით, სპარის მაღაზიებში არ არსებობს ღამის გათევის სათანადო პირობები და დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საწყობებისათვის გამოყოფილ ადგილებში გათენება.
EMC წერს, რომ დასაქმებულები კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება არ ხდება, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს.
"მძიმე პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება (ჩვენი ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს), ისევე როგორც დაცვის სამსახურის არარსებობა. რამდენიმე თვის წინ სამუშაოს შესრულებისას მომხმარებლის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ სპარის კონსულტანტის სიცოცოხლე შეიწირა. [...] სპარის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ", — წერია განცხადებაში.
კომენდანტის საათის გამო სპარი დილის 6 საათიდან 20 საათამდე ემსახურება მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლები, იმისთვის, რომ მათ სამსახურის შემდეგ გარეთ გასვლა და კომენდანტის საათის დარღვევა არ მოუწიოთ, ღამეს სუპერმაკეტში გაათევენ.