საფრანგეთში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იძულებითი იზოლაციის პირობებში ქვეყანაში შესაძლოა ოჯახში ძალადობის ფაქტებიც გაიზარდოს. ”სამწუხაროდ, კრიზისმა და კარანტინმა შეიძლება შექმნან ხელსაყრელი პირობები ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალაბობის ფაქტების ზრდისთვის,” - ნათქვამია საფრანგეთის გენდერული თანასწორობის საკითხში სახელმწიფო მდივნის მარლენ სკიაპას განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საფრანგეთში სასამართლოს საქმიანობის შეზღუდვის მიუხედავად, კვლავ მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვა, და რომ შეზღუდული მომსახურების პირობებში განაგრძობს მუშაობას მთავრობის ვებგვერდი Arretons Les Violences, ასევე როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სასწრაფო დახმარების სერვისი.
ფრანგულმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ NousToutes განაცხადა, რომ იძულებითი იზოლაციის პირობებში, არსებობს პოტენციური რისკი, გაიზარდოს ოჯახში ძალადობის ფაქტების რაოდენობა და მოუწოდა დაზარალებულებს ცხელი ხაზის გამოყენებისკენ. იძულებითი იზოლაციისა და კარანტინის პირობებში, მსხვერპლი და მოძალადე ერთ სივრცეში იმყოფებიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის ფაქტების უკონტროლო ზრდა. ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპის უფლებადამცველი ორგანიზაციები და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ შექმნილი სიტუაციიდან.
ოჯახში ძალადობის მზარდი შემთხვევები ასევე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში შეინიშნება. ამის მიზეზად კი, ჩინეთში მომუშავე აქტივისტები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრების მუშაკები, COVID-19- ის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს და მოქალაქეების თვითიზოლაციას ასახელებენ.